Monday, April 12, 2021

 


დისტანციური სწავლება

 

ვინ ელის საგმირო ასპარეზს,

ვინ უნდა ესტუმროს ვარსკვლავებს?

                                           --- ბავშვები!

ვინ უნდა გაიყვანოს არხები,

ვინ უნდა ააშენოს ქარხნები?

                                          ----ბავშვებმა!

ვის უნდა ეჭიროს ამაყად ,

სამშობლოს დროშა დიადი?

                                    ---- ბავშვებს!

ეს საქართველო თქვენია,

და მომავალიც თქვენია

                                   ---- ბავშვებო!   

                                                              ( გ.ძნელაძე)

                  მართლაც რომ ბავშვებისაა ხვალინდელი დღე, მათ თავი უნდა გამოიჩინონ მეცნიერებაში, ტექნიკაში, ხელოვნებასა და ჩვენი ცხოვრების ყველა დარგში, ახალი და ყოველივე კარგი უნდა შემატონ მშობელ ერს. მათი კარგი აღზრდა ჩვენი სიხარულია, ცუდი აღზრდა კი---მწუხარება და ცრემლები.

              გაზაფხულის მოსვლა სასიცოცხლო ძალებს მიბრუნებს. ზამთრის უღიმღამო და ნაცრისფერი დღეების შემდეგ მარტის მზე მზე და პატარების ჟივილ-ხივილი ენერგიით მავსებს, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს გაკვეთილებზე, თითქოს ხალისი მემატება. თითქოს არა, მართლა მემატება, იდეებიც მოფრინავენ და მოფრინავენ. 2020 წლის გაზაფხულმა და შემოდგომამ (კერძოდ ოქტომბერში-1 კვირა, ნოემბერში-- 2 კვირა, დეკემბერში-- 2 კვირა) მოულოდნელი არდადეგები მოგვიტანა. უსაფრთხოების მიზნით მთელ ქვეყანაში შეწყდა სასწავლო პროცესი.  მოსწავლეები,  უფროსები, უნცროსები  და მასწავლებლები სახლში გამოვიკეტეთ, თავს ვარიდებდით ხალხმრავალ ადგილებში გასვლას. ის განწყობა კი, ზემოთ რომ ვწერდი, აღარ მოვიდა. მეტიც, რაღაცნაირად დავითრგუნე. იყო სახელდაურქმეველი შიშიც პირველ დღეებში. მაგრამ მალევე ჩემს თავს შემოვუძახე! სხვა თუ არაფერი, გაზაფხულის ენერგია და ხალისი იმისთვის მჭირდებოდა, რომ მოსწავლეები არ მოდუნებულიყვნენ. განწყობას ხომ გადამდები ძალა აქვს. მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, რა შემეთავაზებინა მოსწავლეებისათვის. ყოველთვის ფაქიზად ვეკიდები არდადეგების დავალებებს, რადგან თავისუფალი დრო, თამაშის დრო ყველაზე ძვირფასია ბავშვისთვის. მაგრამ სხვა აღმოჩნდა მოულოდნელი არდადეგები, რომლისთვისაც მზად არავინ არ იყო. ჩემი და მოსწავლეების ურთიერთობის საშუალება, ცხადია, დისტანციურია. მსგავსი გამოცდილება არ გვქონდა. მომავლის იმედით შევუდექით კოლაბორაციას.

                როგორ ვასწავლოთ? – გაჩნდა კითხვა დახურულ კარს მიღმა და შიშმა ფართოდ გაახილა თვალები. ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ – ამ სიტყვებთან გაშინაურებულები ვიყავით, მაგრამ... რამდენიმე დღეში ეს შიში მრავალმა შესაძლებლობამ ამოავსო და  საკლასო ოთახებში  რეალური ყოფნა კომპიუტერის ეკრანებთან სხდომით და ინფორმაციის გადაცემით ჩავანაცვლეთ. შეიცვალა სასწავლო დიზაინი. ის, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავდა – პირისპირ ყოფნა – გადაიდო. დისტანცია ამოივსო მოციმციმე ეკრანებით. დავიწყეთ ტექნოლოგიების შიგნით მზერა და მათი აქამდე გამოუყენებელი შესაძლებლობების შესწავლა და გამოყენება. „გესმით ჩემი?“ - ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს ვიმეორებ, როცა ვირტუალურ აუდიტორიაში ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრები. ძალიან დამაკლდა უკუკავშირი, რომელსაც მათთან კომუნიკაციისას ვიღებდი რეალურ საკლასო ოთახებში  . იქ, სადაც თითქმის ყველაფერი ცხადია, სადაც იცი, ვინ არის შენთან, ვინ გისმენს და ვინ გაიგო, რისი თქმა გინდოდა. თუმცა, ამ შესაძლებლობის მიღმაც დარჩნენ მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ და არც შესაბამისი ინსტრუმენტები აქვთ( ჩემს მოსწავლეებს მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ).

                             21-ე საუკუნე ინფორმაციულად დატვირთული საუკუნეა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა მსოფლიო დაიპყრო. ტექნოლოგიების განვითარებამ სკოლები და უნივერსიტეტები ელექტრონული სწავლების აუცილებლობამდე მიიყვანა. საჭირო გახდა ტრადიციული საკლასო ოთახის გამრავალფეროვნება, ტექნოლოგიებით აღჭურვა. ეროვნული სასწავლო გეგმაც მოითხოვდა მედიაწიგნიერი ადამიანის აღზრდას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო მოვლენებმა გამოგვაფხიზლა და ელექტრონული სწავლების აუცილებლობა დაგვანახა.

                      ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ამან ცოტა დაბნეულობა გამოიწვია მათში, ვისაც ამ კუთხით შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონია. გაგიზიარებთ ჩემს მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ვცდილობდი, მოსწავლეებთან დისტანციურად ვიმუშაო. ამისათვის საწყის ეტაპზე, სიმარტივისა და გამოცდილების გამო გამოვიყენე Facebook-ის პლატფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებით კლასებს ვასწავლი, კომუნიკაციის პირველი წყარო ჩემთვის, პირველ რიგში, მშობლები არიან. Facebook-ში გავაკეთე ახალი ჯგუფი დისტანციური სწავლებისათვის. მოვიწვიე მშობლები და კლასის მასწავლებლები, იმისათვის, რომ მათაც ჰქონოდათ საშუალება, მოსწავლეებისათვის მიეცათ დავალებები.

                        იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ის ჯგუფს ვიყენებდით როგორც საკომუნიკაციო საშუალებას და პრაქტიკაში მრავალჯერადად გვქონდა ნაცადი, გადავწყვიტე, რომ სწავლებაც ამ პლატფორმაზე გამეგრძელებინა. ჯგუფი იძლეოდაა საშუალებას, მომემზადებინა დავალებები და ამეტვირთ Microsoft Word Document-ისა და PowerPoint Presentation-ის სახით, გამეზიარებინა ვიდეო და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფიდან შემექმნა სასაუბრო ჯგუფი, სადაც განვახორციელებდი ვიდეო ზარს.

                      შეუძლებელია მასწავლებელმა მიზანს მიაღწიოს, თუ მას მშობელი არ დაუჭერს მხარს. სწორედ მშობელთა მხარდაჭერის შედეგი იყო ის, რომ 16 მარტს ჩვენ უკვე Zoom-ის პლატფორმით დავიწყეთ სასწავლო პროცესი. დროულად დაწყებულმა და განახლებულმა სასწავლო გარემომ ბავშვებიც მალევე მობილიზებული გახადა და შეაჩვია ონლაინ გაკვეთილებს. ისწავლეს ის წესები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია დისტანციური გაკვეთილის ჩატარების დროს. მაგ: მიკროფონის გათიშვა და ჩართვა. აქედან გამომდინარე სამუშაო პროცესს შეჩვეულმა ბავშვებმა და ამ პროცესში ჩართულმა მშობლებმაც ერთიანი მონდომებითა და პასუხისმგებლობით საუკეთესოდ გაართვეს თავი საპრეზენტაციო დავალების შესრულებას.

პროგრამა Teams. ამ პროგრამის გამოყენებით ქვენ შე გარკვეული პერიოდი წაგვემართა სწავლა--სწავლების პროცესი:  მიმოწერა, სასურველი ფაილების გაგზავნა, ინფორმაციის გაზიარება, დისტანციური სწავლისას სწავლა --სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვა. ვღებულობდი მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებებს და მათ ვაძლევდი უკუკავშირს პოზიტიური განმავითარებელი კომენტარების სახით.

                        სკოლასა და სახლებს შორის გაჭიმული ტელეხიდები კი საშუალებას გვაძლევს, შევაგროვოთ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვის ქცევათა სისტემის შესახებ და უფრო ფართო ჰორიზონტზე გავიხედოთ, ვიდრე ჩვენი სახლის ზღურბლი და კედლებია. აი რას წერს მშობელი--ვუყურებ ჩემს შვილს, რომელიც სახლისთვის უჩვეულოდ გამოპრანჭული ზის კომპიუტერის ეკრანთან და ვხედავ, როგორ იქცევა გაკვეთილზე; როგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან; როგორ კომუნიკაციაშია მასწავლებლებთან; როგორია მისი თვითშეფასება; შეუძლია თუ არა ყურადღებით ყოფნა; ახდენს თუ არა კონცენტრირებას მთავარ საკითხებზე; რამდენად სერიოზულად ეკიდება გაკვეთილის პროცესს; არის თუ არა ესა თუ ის მასწავლებელი მისთვის ავტორიტეტი; არღვევს თუ არა წინასწარ შეთანხმებულ წესებს; როგორ რეაგირებს, როცა სხვები არღვევენ წესებს და ა.შ. ვუყურებ და ვფიქრობ, ასეთი გამჭვირვალე განათლების სისტემა არასოდეს ყოფილ

             ზის და ვზივარ! ის ეკრანთან, მე ეკრანს მიღმა. მას ხედავენ, მე უხილავი ვარ. ის საუბრობს, მე გასუსული ვარ. უკვე დიდი ხანია,დღეში სამჯერ, 30-30 წუთით. ის online გაკვეთილზეა, მე online კავშირის ხარისხს უზრუნველვყოფ. ასე ვთქვათ, ტექნიკური პერსონალის ჯგუფს მივეკუთვნებ

                  ონლაინ სწავლებას მრავალმხრივი და ფართო შესაძლებლობები აქვს. ეს არა მხოლოდ მომავლის, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო და ახლა, ბოლო დღეებმა, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ონლაინ სწავლების მეთოდებთან. 2016 წელს ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკაში 90%-ზე მეტი მოსწავლე კმაყოფილია ონლაინ სწავლებით და ფიქრობს, რომ ონლაინ სწავლება ისევე სასარგებლოა, ან უმჯობესია, ვიდრე ტრადიციული სწავლება.

                  როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სახლში ორი, სამი, ან მეტი ბავშვია და მათი ონლაინ გაკვეთილები პარალელურად მიმდინარეობს? ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია, თუ ბავშვები დაწყებით კლასებში, ან საბაზო სკოლაში სწავლობენ, არ აქვთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ რეგისტრაციას, ვერ ერთვებიან ყველა გაკვეთილს, ვერ ახერხებენ მიკროფონში საუბარს და ა. შ. ასეთ შემთხვევაში მშობელიც ე წრება გაკვეთილს, ეხმარება ტექნიკურად, შინაარსობრივ ნაწილშიც მონაწილეობს, ინიშნავს დავალებებს და სხვა, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება, თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია. ტექნიკურ ხარვეზებთან ერთად: ჩართვებისა და გათიშვის, რეგისტრაციის გავლისა და სხვა ტექნიკური შეფერხებების გარდა, ეს პრობლემები და მშობლების ჩართულობა დამატებითი კომპონენტია, რომელიც აქამდე ნაკლებად ჩანდა. ამას ემატება კომპიუტერების არასაკმარისი რაოდენობა ოჯახში, ონლაინ გაკვეთილების დროს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის ნაკლებობა. რეალურად ხომ შეიძლება, ბავშვები სხვადასხვა კლასში იყვნენ, რაც დამატებით სამუშაო სივრცეებს მოითხოვს და რთულია, ოჯახმა ეს სრულიად უზრუნველყოს. შეიცვალა სასწავლო პარადიგმაც. ტრადიციულად, საშინაო დავალება მოჰქონდათ მოსწავლეებს, კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის იყო უშუალო. მოსწავლემ, უმრავლეს შემთხვევაში, კარგად იცოდა, რა ჰქონდა დავალებად და როგორ უნდა შეესრულებინა. ამჟამად კი, მასწავლებლების მიერ სხვადასხვა ჩათების, სოციალური ქსელების დახმარებით გამოგზავნილი დავალებები უნდა გადასცენ მშობლებმა მოსწავლეებს. ასევე, მშობლების დახმარებით უნდა მოხდეს მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების გადაცემა მასწავლებლებისთვის. და თუ მანამდე არსებული სქემა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: მასწავლებელი – მოსწავლე – (მშობელი) – მოსწავლე – მასწავლებელი დისტანციური სწავლისას  სქემა ასეთია: მასწავლებელი – მშობელი – მოსწავლე – მშობელი – მასწავლებელი. გაკვეთილის არატრადიციულობა მასწავლებელსაც უქმნის პრობლემებს და მოსწავლეებსაც. ზოგი დავალება ცალკე სამუშაოს გულისხმობს, როგორებიცაა დამატებითი დავალების, მასალების დარიგება. თუ ყველაფერი ინტერნეტშია, მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ დავალებები კომპიუტერში, ამასაც თავისი სირთულეები ახლავ. მშობლების ჩართულობა აქაც საჭიროა. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სახლში რამდენიმე ბავშვია, კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გარეშე და მშობელი, რომელიც ასევე პედაგოგია, მასწავლებელი ან ლექტორი და მასაც იმ დროს უწევს ვიდეო გაკვეთილების, ან ვიდე ო ლექციების ჩატარება, როცა შვილებს აქვთ ონლაინ გაკვეთილები? ჩვენი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. დაგეგმილი და დალაგებული სემესტრი უცებ იცვლება და ახალ რეალობას ახალ-ახალი მოულოდნელობები მოაქვს. როგორც რომაელები ამბობდნენ: „დღე დღის მასწავლებელია“ – “dies diem docet”. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი სლოგანი ასეთია: „ისწავლე ყოველი დღისგან!“. ონლაინ სწავლების ბილიკები გასაკვალია. მეც ამ ბილიკებს მივუყვები. ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი პრინციპია:,,თუ ბედავ სწავლებას , თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა’’ ( ჯონ კოტონ დანა).

                    სწავლა-სწავლება მუდმივი დაკვირვებისა და დროული რეაგირების მოწესრიგებული პროცესია. ამ პროცესში დიდია განმავითარებელი შეფასების როლი. განმავითარებელი შეფასება კი კონსტრუქციულ უკუკავშირს გულისხმობს. კონსტრუქციული უკუკავშირი არის რეაგირება იმაზე, თუ როგორ ასრულებს მოსწავლე დავალებას და როგორ იყენებს ცოდნას. როგორც წესი, უკუკავშირს ზეპირი ან წერილობითი კომენტარის სახე აქვს და მოიცავს შეფასებას, წახალისებას და რჩევას. კომენტართან ერთად, დაწყებით კლასებში ძალიან ბევრი მასწავლებელი იყენებს წამახალისებელ აღნიშვნებს. მაშინ, როცა კონტაქტური საკლასო გარემო დროებით დისტანციურმა სწავლებამ ჩაანაცვლა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსწავლის წახალისებაზე, მოტივაციასა და ჩართულობაზე ვიზრუნოთ. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია სახლიდან მართო ეს პროცესი. მასწავლებლები რთული გამოწვევის წინაშე დავდექით, ამიტომ კოლეგების რჩევები და გამოცდილების გაზიარება, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია.

                    ამავდროულად, მოკლე ვადებში სტარტი აიღო საზოგადოებრივ მაუწყებელთან განხორციელებულმა ერთობლივმა საგანმანათლებლო პროექტმა – „ტელესკოლა“. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია, იმ პერიოდში,როცა მოსწავლე შინ ზის და მას არ შესწევს უნარი იმისა, რომ გარეთ გავიდეს, ტოლებთან გაერთოს. ,,ტელესკოლის’’ გაკვეთილები ორიენტირებული იყო თითოეულ მოსწავლეზე, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა პროგრესს.

               მანამ, სანამ თუნდაც კლასიდან ერთი მოსწავლე ვერ ახერხებს დისტანციურ სწავლებაში ჩართვას, მოდუნების უფლება არ გვაქვს. სწავლების ამ ფორმამ არ უნდა გააღრმავოს სეგრეგაცია და გამოინახოს კონკრეტული მოსწავლისთვის მისაღები საკომუნიკაციო გზები. მასწავლებლები კი, იმისთვის, რომ მოსწავლეების ყურადღება მიიქციონ, ხშირად ეწყობიან ფერად სამოსში, ან ირგებენ მხიარულ აქსესუარებს. მათი დავალებებიც უფრო ოჯახურ გარემოზე გახდა მორგებული, თუ სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ, მოუყვნენ როგორ ზრუნავენ მასზე, როგორია ის და ა.შ. ან აჩვენონ საკუთარი ოთახი თუ კუთხე, სადაც უყვართ მეცადინეობა და თამაში. მოკლედ, საჭიროა ახალ ფორმატში ახალი ვირტუალური ურთიერთობის დალაგება და ნდობის მოპოვება. თუ მათემატიკის სწავლებისას რესურსოთახში კუბიკებს იყენებდა მასწავლებელი, სახლის პირობებში ის ჩანაცვლებული უნდა იყოს სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ან პროდუქტებით, როგორიცაა ნატეხი შაქარი, ან თუნდაც მაკარონის ჩხირები. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მშობელთა ჩართულობა და იმ დავალებებისთვის თვალის მიდევნება, რომელსაც მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს. რეკომენდაციებს შორის არის ისეთი თამაშები ბავშვებთან, რაც ეკრანის წინ ჯდომას არ გულისხმობს. საჭიროა ფიზიკური დატვირთვა სახლის პირობებში, მოსწავლეების ფიზიკური განვითარება რომ არ შეფერხდეს. გარდა ვარჯიშისა, შეიძლება აქტიური თამაშების მოფიქრება, როგორიცაა „განძზე ნადირობა“, რომელიც სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს დამალული. თამაშისთვის ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს, ასევე კოსტიუმების მორგებაც შეიძლება ხელთ არსებული აქსესუარებიდან. რეკომენდებულ აქტივობებს შორისაა ცეკვის ან სპექტაკლის დადგმა. მათი შერჩევა ასაკის მიხედვით და ბავშვისთვის საყვარელი ნაწარმოებების შერჩევით შეიძლება. აქაც დეკორაციებს და კოსტიუმებს დიდი მნიშვნელობა  . ამ აქტივობებს მზადება სჭირდება, მსგავსი აქტივობები დიდხანს ართობს ბავშვს და საინტერესოს ხდის სახლში ყოფნას. რა თქმა უნდა, სამაგიდო თამაშები (ლოტო, ბანქო, მოზაიკა და სხვა) არის ძალიან სახალისო და დროის საინტერესოდ გატარების საშუალება. შეიძლება ბავშვების დაინტერესება სხვადასხვა პროექტებით, იქნება ეს სათამაშოების სათავსოს, თოჯინების სახლის, საფრენი აპარატის მშენებლობა, თემატური დასურათებული წიგნების შექმნა (ხუმრობების, იგავ-არაკების, ზღაპრების, მოთხრობების), ან ახალი უნარის განვითარებით ან სწავლით – ლექსი, სიმღერა, ფოკუსი,.. შეიძლება ფილმების შერჩევა მიზანმიმართულად განხორციელდეს და დაეხმაროს იმ თემის შესწავლას, რომელსაც იმ ეტაპზე სწავლობს ბავშვი. ამ შემთხვევაში მასწავლებლების როლი მნიშვნელოვნია, დავალებებთან ერთად კარგია, თუ რჩევებს მისცემენ მშობლებს, ბავშვებს დაეხმარებიან ნანახი ფილმის გაგება-გააზრებაში. განათლების ხელმისაწვდომობის შემცირების რისკის მინიმიზაცია არის დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სკოლების ამოქმედების შემდეგ აუცილებელი გახდება, სისტემის მუშაობის გადააზრება და პრიორიტეტების გადახედა.

                 ახლა, როცა უიმედობის შიშს დედამიწა ხელში უჭირავს, სახლებში გამოკეტილი ადამიანებისთვის სიტყვები შეიძლება ყველაზე ბასრი იარაღი იყოს, რაც კი გაგვაჩნია. არ დავივიწყოთ, რომ დისტანციური სწავლა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

Covid 19 ჩაივლის...